არის ადგილები, სადაც დაბრუნება არა მხოლოდ საგულდაგულოდ მომზადებული სტეიკის, არომატული კაპუჩინოს, თუ გონების დაკარგვამდე გემრიელი ნამცხვრის გამო მინდა, არამედ იმიტომ, რომ ეს ადგილები ჩემთვის იმაზე მეტია, ვიდრე კვების ობიექტები. სივრცეებს, სადაც  კვირაში, ან თუნდაც თვეში ერთხელ მაინც ვსტუმრობ ხოლმე და ჩემს დროს, ნდობას და ფინანსებს ვუზიარებ, შესაბამისი ენერგიითაც მავსებს. და იცით რა მიქმნის პირველ რიგში ამ განწყობას? კარში მომღიმარი მასპინძლის ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო - ,,გამარჯობა“, რომელიც როგორც წესი, ჩემი იქ მეორედ დაბრუნების მთავარი მიზეზი ხდება ხოლმე. 

 

ბოლო კაფე/რესტორანი, რასაც ყველაზე ხშირად ვსტუმრობთ ხოლმე მე და ჩემი მეგობრები, ჩვენს ოფისთან ძალიან ახლოსაა. პატარა, ევროპული სტილის რესტორანია. მიყვარს ასეთი ბუტიკური, მყუდრო სივრცეები, სადაც კომუნიკაცია მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ ზეპირად ვიცი ამ რესტორნის მენიუ, ჩემს კომფორტს კეთილგანწყობილი მასპინძლები ქმნიან, რომლებიც ზედმეტი შეწუხების გარეშე ზრუნავენ და ფიქრობენ ჩემზე.

 

კაფე/რესტორნების სერვისზე ლაპარაკი ძალიან მარტივია, ეს ტექნიკური მხარეა და უპრობლემოდ შეგიძლია, რომ აღწერო. მაგრამ! მასპინძლობის თემა ძალიან აბსტრაქტულია და რთულია სიტყვებით გადმოსცე.  ეს ის საკითხია, რომელსაც ვერ ასწავლი და მით უმეტეს, ვერ იყიდი. სტუმარ-მასპინძლობას ვერ განსაზღვრავ ლამაზად მოხატული კედლებით, ვერც საგულდაგულოდ შერჩეული სასანთლეებით და ვერც ახლადდაკრეფილი ყვავილების თაიგულებით; ეს არის განწყობა, რომელიც შეიძლება ქუჩის კუთხეში უბრალო ყავის მაღაზიაში იპოვო და ფეშენებელურ რესტორანში დაკარგო. შენ ამ აურას ან გრძნობ ან არა. 

 

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ საქართველოში ჯერ კიდევ დიდი პრობლემაა კარგი მასპინძლობის კულტურა. ადამიანები რატომღაც თვლიან, რომ ლამაზი ინტერიერი და გემრიელი კერძები საკმარისია სტუმრების მოსაზიდად. არადა, ეს საქმიანობა ემოციურ ინტელექტზე გადის. ერთგვარი საყრდენი ხარ მათთვის, ვინც რთული, დამღლელი დღის შემდეგ შენთან მოდის და თავშესაფარს ეძებს, ან იმხელა სიხარულს განიცდის, რომ ამ ენერგიის გასაზიარებლად მზადაა ბოლო ხმაზე იყვიროს და შენ ამ ყვირილში ხელი არ უნდა შეუშალო, პირიქით. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ინდუსტრიას რესტორნების მფლობელები თუ მენეჯერები ან შეეფერებიან, ან საერთოდ ამოვარდნილები არიან კონტექსტიდან; ვფიქრობ, როდესაც მასპინძელი საკუთარ სივრცეში ფართოდ უღებს კარს უცხო ადამიანებს, მხოლოდ ერთი მიზანი უნდა ამ ამოძრავებდეს - სტუმრებმა თავი იგრძნონ მისაღებად! დამიჯერეთ, დაგვიანებული კერძი, ან თუნდაც ცოტა ხანი რიგში დგომა ეს თქვენს რეპუტაციას არაფერს ავნებს, თუკი საჭირო სიტყვებს მოუყრით თავს. ეს კი, როგორც უკვე ვთქვი, არ ისწავლება.


ხშირად მიფიქრია, თუ რატომ ვერ ძლებენ საქართველოში რესტორნები დიდხანს. და ხანგძლივი დაკვირვების შემდეგ მგონი გასაღებს მივაგენი: ისევ და ისევ მასპინძლობის კულტურის პრობლემა. ვფიქრობ, გარემოში, სადაც მფლობელი მის სტუმრებზე მთელი გულით ზრუნავს, არც კერძის ხარისხი დაიკარგება და შესაბამისად არც მომხმარებელი.

 

ჩემი ერთი მეგობრის ფრაზა მახსენდება, საქართველოში ან ზედმეტად გყვებიან თან, ან საერთოდ არ გაქცევენ ყურადღებას, ოქროს შუალედი არ არსებობსო და სრულიად ვეთანხმები. ხოდა იქნებ დროა, ამ ინდუსტრიამ ახალი ცხოვრება დაიწყოს და ჩვენ, მომხმარებლებმა, მოვითხოვოთ ისეთი მასპინძლები, რომლებთაც უძილო ღამის მიუხედავად მაინც გულწრფელად გაუხარდებათ ჩვენი დანახვა; გკითხავენ, კიდევ რითი შეუძლიათ დახმარება, გაახსენდებათ ჩვენი სახელი, და ამ ყველაფერს არა ძალდატანებით, არამედ სიყვარულით გააკეთებენ, რადგან სიყალბე ამ ბიზნესში ყველაზე მარტივი ამოსაცნობია.